მომსახურების ხელშეკრულება



ტერმინთა განმარტება:


ჩვენ - შპს ჩემი კურიერი (ს.ნ. 402098537), შემდგომში - კომპანია;


თქვენ - პირი, რომელიც კომპანიის ვებსაიტის ან აპლიკაციის საშუალებით აკეთებს შეკვეთას, გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებით;


ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი.


ხელშეკრულების მხარეები - ჩვენ და თქვენ ერთად.


ხელშეკრულების მხარე - ჩვენ ან თქვენ, კონტექსტის შესაბამისად.


ვებსაიტი - დომენი www.chemikurieri.ge და ყველა ქვედომენი.


აპლიკაცია - ChemiKurieri.



1. ხელშეკრულების საგანი


1.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გაგიწიოთ თქვენ საკურიერო მომსახურება, კერძოდ, გზავნილების მიღება, გადაზიდვა და ადრესატისათვის ჩაბარება ფეხით მოსიარულე კურიერის მეშვეობით თბილისის მასშტაბით და ახლომდებარე რეგიონებში, ხოლო თქვენ კისრულობთ ვალდებულებას გადაგვიხადოთ ჩვენ მომსახურების საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად.

1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ჩვენ მიერ თქვენგან გზავნილის მიღებას შეკვეთაში მითითებულ მიღების ადგილზე და აღნიშნული გზავნილის მიტანას შეკვეთაში მითითებულ დანიშნულების ადგილამდე ფეხით მოსიარულე კურიერის მეშვეობით.

1.3. თქვენ მიერ ვებსაიტის ან აპლიკაციის საშუალებით შეკვეთის გაკეთება არ ნიშნავს ჩვენთვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ავტომატურად წარმოშობას. აღნიშნული ვალდებულებები, დადასტურებული შეკვეთის ფარგლებში, წარმოშობილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი კურიერი დაგიდასტურებთ შეკვეთის მიღებას და არაორაზროვნად გამოვთქვამთ მზაობას (განვაცხადებთ თანხმობას) შეკვეთილი სამუშაოს შესრულებაზე.

1.4. მომსახურების გაწევა განხორციელდება არაუგვიანეს შეკვეთაში მითითებული მომსახურების თარიღის (დღის) ოცდაოთხი საათისა.



2. მომსახურების საზღაური და ანგარიშსწორების წესი


2.1. მომსახურების ტარიფები შესაძლოა იყოს ყოველთვის სხვადასხვა, რადგან დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, უპირველეს ყოვლისა მისამართებზე. მომსახურების ტარიფი ნაჩვენებია და ცნობილია თქვენთვის მანამ, სანამ დააფიქსირებთ შეკვეთას და მაშინვე, როდესაც სრულად მიუთითებთ მისამართებს და შეავსებთ სხვა ინფორმაციას შეკვეთასთან დაკავშირებით (ფასები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით).

2.2. ანგარიშსწორება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

2.2.1 წინასწარ, ონლაინ გადახდა ბარათით - ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს ვებსაიტზე ან აპლიკაციის მეშვეობით სწრაფად და მარტივად გადაიხადოთ მომსახურების საზღაური ვიზა და მასტერქარდის ნებისმიერი ელექტრონული ბარათით. თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებსაიტზე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

2.2.2 ადგილზე გადახდა, „შეკვეთის აღებისას“ - ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში თანხას იხდით ადგილზე ჩვენი კურიერისადმი გზავნილის გადაცემისას.

2.2.3 ადგილზე გადახდა, „შეკვეთის ჩაბარებისას“ - ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში თანხას იხდის ადგილზე შეკვეთის მიმღები, ჩვენი კურიერის მიერ გზავნილის ჩაბარებისას.



3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები


3.1. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ:

3.1.1 მომსახურებას გაგიწევთ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

3.1.2 თქვენი მოთხოვნით და საამისოდ აუცილებელ გონივრულ ვადაში გამოვასწორებთ აღმოჩენილ ნაკლს, თუ მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენი მხრიდან და ბრალით ადგილი ექნება ხელშეკრულების პირობებიდან არსებით გადახვევას, რაც გამოიწვევს სამუშაოს ხარისხის მნიშვნელოვნად დაქვეითებას.

3.1.3 დროულად გაცნობებთ, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი რაიმე მიზეზები და გარემოებები არსებით საფრთხეს შეუქმნის ჩვენ მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას.

3.1.4 მომსახურებას გაგიწევთ სათანადო ხარისხით.

3.1.5 მომსახურებას გაგიწევთ კვალიფიციური პერსონალის გამოყენებით.



3.2. ჩვენ უფლება გვაქვს, რომ:


3.2.1 თქვენგან მოვითხოვოთ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება;

3.2.2 თქვენგან მოვითხოვოთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, აგრეთვე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო ჩვენთვის მოყენებული ზიანის სრულად და დაუყოვნებლივ ანაზღაურება;

3.2.3 უარი ვთქვათ თქვენგან მიღებული შეკვეთის დადასტურებაზე მიზეზის მითითების გარეშე;

3.2.4 დავამუშავოთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნებისათვის განვახორციელოთ სატელეფონო კომუნიკაციის (საუბრის) ჩაწერა;

3.2.5 სამი სამუშაო დღის ვადაში დაგიბრუნოთ გზავნილი თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მიმღების (ადრესატის) არყოფნის, მიმღების მიერ გზავნილის მიღებაზე უარის თქმის ან 3.2.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთანავე, ჩვენთვის წინასწარ გადახდილი თანხა (მომსახურების საზღაური) დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო თუ ანგარიშსწორების მეთოდი შეთანხმებულია 2.2.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, თქვენ ვალდებული ხართ, გზავნილის გადმოცემამდე სრულად აგვინაზღაუროთ მომსახურების ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილი ვართ, გამოვიყენოთ გზავნილის დაკავების უფლება, დაგარიცხოთ გადახდის დაგვიანების პირგასამტეხლო ვადამოსული გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან/და გავასხვისოთ გზავნილი ჩვენთვის მისაღები ფორმითა და პირობებით, ხოლო ამონაგები თანხა დავიტოვოთ მომსახურების საზღაურისა და ჯარიმის ანგარიშში. თუ თქვენ პირდაპირ ან ირიბად (მოქმედებით/უმოქმედობით) უარს განაცხადებთ გზავნილის მიღებაზე ან თქვენი მოძიება იქნება შეუძლებელი ან დიდი ხარჯებთან დაკავშირებული, ჩვენ უფლება გვაქვს გზავნილის მიმართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, შესანახად მივაბაროთ მესამე პირს თქვენი სახელით ან/და თქვენს ხარჯზე, თავისუფლად (ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღების გარეშე) გავანადგუროთ იგი ან გავასხვისოთ ჩვენთვის მისაღები ფორმითა და პირობებით, ხოლო ამონაგები თანხა დავიტოვოთ მომსახურების საზღაურის ან/და ჯარიმის ანგარიშში.

3.2.6 უარი ვთქვათ მიმღებისათვის გზავნილის გადაცემაზე, რაც არ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევად, 2.2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით ანგარიშსწორებისას მიმღების მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში და ვიმოქმედოთ

3.2.5 ქვეპუნქტის შესაბამისად.

3.2.7 შეუზღუდავად ვისარგებლოთ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.



3.3. თქვენ ვალდებული ხართ, რომ:


3.3.1 არ განახორციელოთ ქმედება, რაც ხელს შეუშლის ჩვენ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;

3.3.2 გადაიხადოთ მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და წესით;

3.3.3 შეკვეთის გაკეთებისას ნათლად და გასაგებად მიუთითოთ შეკვეთის კონკრეტული პირობები. შეკვეთაში აგრეთვე უნდა მიეთითოს გზავნილის სახეობა, ცალობრივი (ან სხვაგვარად აღნიშნული) რაოდენობა, გარეგნული მდგომარეობა, ნიშნები და ნომრები, შეფუთვის სახე, შემცველობა, წონა და სხვა (მათ შორის, ხელშეკრულების 3.3.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული) მახასიათებლები; დროულად მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, მასალა, ნივთი, რაც აუცილებელია მომსახურების სათანადო დროში და ხარისხით შესრულებისათვის;

3.3.4 თუ თქვენ გზავნით საფრთხეშემცველ გზავნილს, შეკვეთის გაკეთებისას საგანგებოდ აღნიშნოთ ამის შესახებ და მოგვაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია გზავნილის/საფრთხის შესახებ;

3.3.5 არ დაუშვათ გზავნილის მისაღებად თქვენთან მოსული ჩვენი წარმომადგენლის (კურიერის) მოცდენა;

3.3.6 სრულად აგვინაზღაუროთ თქვენი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, აგრეთვე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მოყენებული ზიანი;

3.3.7 საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთან ურთიერთობისას (შეკვეთის გაკეთება, ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდება და ა.შ.) გამოიყენოთ საკონტაქტო პირი და წინასწარ გვაცნობოთ მისი პირადი მონაცემები (სახელი-გვარი, მობილურის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი);

3.3.8 უშეცდომოდ მიუთითოთ მიმღების (ადრესატის) საკონტაქტო ნომერი და მისამართი;

3.3.9 ხელით გადასატანი ერთობლივად აღებული ტვირთის (გზავნილის) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) კილოგრამს;

3.3.10 სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოთ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.



3.4. თქვენ უფლება გაქვთ, რომ:


3.4.1 ნებისმიერ დროს, ვებსაიტის ან აპლიკაციის მეშვეობით შეამოწმოთ გზავნილის მიტანის სტატუსი;

3.4.2 მოითხოვოთ მომსახურების გაწევისას აღმოჩენილი არსებითი ნაკლის გონივრულ ვადაში გამოსწორება, 3.1.2 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზიის წაყენება დასაშვებია მხოლოდ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების ან 3.2.5 პუნქტის შესაბამისად გზავნილის დაბრუნების (მიუხედავად იმისა, გზავნილს ფაქტობრივად დაიბრუნებთ, თუ არა) დღის 24 (ოცდაოთხი) საათამდე, რის შემდგომაც აღნიშნული უფლება ქარწყლდება.

3.4.3 გააუქმოთ შეკვეთა ვებსაიტის ან აპლიკაციის მეშვეობით მანამდე სანამ ჩვენი წარმომადგენელი (კურიერი) მოვა თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთის ასაღებად.



4. მხარეთა პასუხისმგებლობა


4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების დამრღვევმა მხარემ უნდა აუნაზღაუროს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებული ზიანი.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოვახერხებთ გზავნილის მიტანის ვადის დაცვას, ჩვენ აღნიშნულის თაობაზე გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე შეგატყობინებთ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში თქვენს მითითებულ ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის საშუალებით. ამასთანავე, აღნიშნული ვადაგადაცილება არ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან ვალდებულების დარღვევად და არ წარმოშობს შესაბამის პასუხისმგებლობას.

4.3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გადაიხდით მომსახურების საზღაურს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ჩვენ უარს ვიტყვით გზავნილის მიღებაზე/მომსახურების გაწევაზე და, ამასთან, დაგაკისრებთ ჯარიმას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა 3.4.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეკვეთის მართლზომიერად გაუქმების შემთხვევისა.

4.4. თუ ჩვენს კურიერს გზავნილი გადაეცემა შეფუთულ მდგომარეობაში, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ შიგთავსის ნებისმიერ დაზიანებაზე (პრეზუმირდება, რომ ნაკლი არსებობდა კურიერისათვის გზავნილის გადაცემამდე), თუ გზავნილის შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა დაუზიანებელია.

4.5. მხარეები ვთანხმდებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ზიანის მიყენების (მათ შორის, გზავნილის დაზიანება, დაკარგვა, დაღუპვა, ა.შ.) ან/და ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ჯამური ოდენობა (ლიმიტი) განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარით, რომლის ზემოთაც ჩვენ თქვენ წინაშე წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში პასუხს არ ვაგებთ. ამასთანავე, ჩვენი პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი მატერიალური ზიანის ანაზღაურებით. გარდა ამისა, თუ ჩვენ თქვენ სასარგებლოდ განვახორციელებთ რაიმე გადახდას, ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის ლიმიტი ავტომატურად შემცირდება შესაბამისი გადახდილი თანხით.



5. ფორს–მაჟორი


5.1. მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვნად შესრულებისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარების გამო, რომლის წინასწარ განჭვრეტა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით.

5.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს ან/და ჩვენს შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

5.3. ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.



6. სადავო საკითხების გადაწყვეტა


6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით.

6.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას პირველი ინსტანციით განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი


7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის თქვენ მიერ ვებსაიტის ან აპლიკაციის საშუალებით შეკვეთის განთავსების მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ან ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე.

7.2. ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია დაუყოვნებლივ ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, თუ მეორე მხარე უხეშად ან არაერთგზის არღვევს ხელშეკრულების პირობებს.

7.3. ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე შესაძლებელია მხარეთა შორის ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

7.4. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებები თქვენ მიმართ წარმოიშობა 1.2. პუნქტის შესაბამისად, ხოლო ჯეროვნად შესრულებულად ითვლება და ავტომატურად წყდება შეკვეთის შესრულების (გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის) ან 3.2.5 პუნქტის შესაბამისად გზავნილის თქვენთვის დაბრუნების (მიუხედავად იმისა, გზავნილს ფაქტობრივად დაიბრუნებთ, თუ არა) მომენტიდან.

7.5. წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, გარდა 7.2. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, თქვენ ვალდებული ხართ ჩვენ ჯარიმის სახით გადაგვიხადოთ ფულადი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.



8. სხვა დებულებები


8.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი სახით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

8.2. წინამდებარე ხელშეკრულებას, ვებსაიტზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციისა და შეკვეთის გაკეთებისას თქვენ მიერ სისტემაში შეყვანილ ინფორმაციას/შესრულებულ ოპერაციებს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მონაცემს, რაც ფიქსირდება და აღირიცხება ელექტრონულად, მათ ამონაბეჭდებს და სხვა ელექტრონულ ჩანაწერებს აქვთ ორიგინალი საბუთის ტოლფასი იურიდიული და სამართლებრივი მტკიცებულების ძალა და ჩვენ მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით.

8.3 მხარეები ვადასტურებთ, რომ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე/ტელეფონის ნომერზე ჩვენ მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი წერილობითი/მოკლე ტექტური შეტყობინება თქვენ მიერ მიღებულად ჩაითვლება შეტყობინების გამოგზავნის მომენტიდან.

8.4. თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და გაქვთ სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილება, გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება და იკისროს მისგან წარმოშობილი შესაბამისი ვალდებულებების შესრულება სრული მოცულობით; ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს თქვენთვის ბუნდოვან პირობებს ან უჩვეულო ვალდებულებებს და/ან ჩანაწერს. თუ შეკვეთას აკეთებთ იურიდიული პირის სახელით, საეჭვოობისას (თუ აღმოჩნდება, რომ ხელშეკრულება წარმოდგენილი იურიდიული პირის სახელით დადებულია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/სავალდებულო თანხმობის გარეშე და წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს) თქვენ ვალდებული ხართ, ჩვენი სურვილით, სრულად შეასრულოთ ამ ხელშეკრულებით სხვისი სახელით ნაკისრი ვალდებულებები და აგვინაზღაუროთ მიყენებული ზიანი, ამასთან, გადაიხადოთ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8.5. ვებსაიტზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციითა და ინფორმაციის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას, თუ ის შეიცვლება. ვებსაიტზე ან აპლიკაციაში ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა პირისათვის და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე.

8.6. თქვენ აცნობიერებთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული შეკვეთის/საკურიერო მომსახურების მიმართ. ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე პირობებით მოგემსახურებით. ვებსაიტზე ან აპლიკაციაში განთავსებული მომსახურების პირობების შეცვლა შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერ დროს, ჩვენი მხრიდან ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

8.7. ვებსაიტზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით, რომ CHEMIKURIERI.GE იყენებს cookie-ფაილებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ვებსაიტით კომფორტულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად. Cookie არის პატარა ზომის საინფორმაციო ფაილი, რომელიც იგზავნება და ინახება თქვენს კომპიუტერში. ის გვეხმარება თქვენ იდენტიფიცირებასა და შემდგომი ვიზიტების განმავლობაში ვებსაიტით სარგებლობის გამარტივებაში. ამასთანავე, ვებსაიტის კონკრეტული ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ cookie ფაილების გამოყენებისას. Cookie ფაილების გამორთვამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულ ფუნქციონალზე წვდომის შეზღუდვა.

8.8. თქვენ ასევე ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ვებსაიტი www.chemikurieri.ge და აპლიკაცია ChemiKurieri, მათი კონტენტი და მომხმარებლების მიერ განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას. ამ მასალის არასანქცირებული გამოყენება, კოპირება, ნებისმიერი სახით დუბლირება ან/და გადატანა მესამე პირის საკუთრებაში არსებულ სივრცეში ჩვენი მხრიდან წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მკაცრად აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ თქვენ მიერ ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების/სარგებლობის შემთხვევაში მოვითხოვოთ აღნიშნული ქმედების დაუყოვნებლივ აღკვეთა და მიყენებული ზიანის სრული მოცულობით ანაზღაურება.

8.9. ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.

8.10. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.